Monday, May 25, 2015

ლომისის ტური

გავილაშქრეთ ლომისის მიმართულებით. დილით, როცა თბილისში დღეს ვიწყებთ ხოლმე უკვე ლომისის მთისკენ მიმავალ ბილიკს მივუყვებოდით. ამინდი ხასიათს გვიფუჭებდა, წვიმა და ზემოთ უკვე ძლიერი ნისლი დაგვხვდა. რთულმა გზამ და ამინდმა ერთ ჩვენს მეგობარს გული შეუძლოდ გაუხადა, უკან ჩამოვაცილეთ. თითქოს საკმარისი მიზეზები შეგვხვდა მოსაწყენად, მაგრამ გზა მაინც მხიარულად განვაგრძეთ. 
ვინც ლომისზე არ ყოფილხართ გეტყვით რომ ამ ადგილის მონახულება, მითუმეტეს ზამთრის პერიოდში, ან თუნცაც ზაფხული, მაშინ როცა თოვლია, ნამდვილ სამოყვარულო ექსპედიციას ჰგავს და კიდევ უფრო მეტ ინტერესს მატებს მოლაშქრეების მოგზაურობას. ჩვენი მოგზაურობაც ასეთი აღმოჩნდა..
რაც უფრო მაღლა ავდიოდით მით უფრო იცვლებოდა ამინდი. რთული დღე ღრუბლებიდან გამონათებულმა მზის სხივებმა შეცვალა, ჩვენც უფრო გავმხიარულდით, ერთმანეთი უკეთ გავიცანით, ზოგმა სანაძლეოები წავაგეთ, ზოგსაც ფსიქოლოგიური ტესტები ჩაუტარეს, ვიგუნდავეთ, წავიქეცით, ვიცინეთ, მოვისმინეთ ჯერ არ მოსმენილი ლეგენდები კობასკან რაციხეზე, რაჩანჩქერსა და კიდევ მრავალ ღირსშესანიშნაობაზე.
მოკლედ გზა საკმაოდ ხალისიანი აღმოჩნდა. ამასთან მივუახლოვდით კიდეც ლომისს და უკვე თოვლის საფარში ბოლო ორ აღმართს მივუყვებოდით. გზა უფრო გართულდა, ფეხი რამდენჯერმე ღრმა ნაპრალში ჩამივარდა, დანარჩენი მოგზაურებიც ყველა ერთ დღეში ვიყავით, დასველებული ფეხებით, მაგრამ გახალისებული, პრობლემებმოტოვებული გულებით, ენერგიულად მივუყვებოდით დათოვლილ გორაკებს.
სულ რამდენიმე ნაბიჯი და გამოჩნდა ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაც. ამ დროს მზეს ღრუბლებიდან საკმაოდ ნათლად გამოეყო თავი და ისედაც ლამაზ გარემოს თავისი სხივებით ნათელს ფენდა.
როგორც იქნა ავაღწიეთ. კეთილმა ბერებმა თავისთან კელიებში შეგვიპატიჟეს. ყველას ჩაით გაგვიმასპინძლდნენ. ნინო იმერლიშვილმაც სურვილი აიხდინა და ბერებს თავისი საჩუქრბი ჩააბარა. მერე ერთ სტუმარ ბიჭთან ერთად, რომელიც ბერებთან უკვე 2 კვირაა ცხოვრობდა სიმღერით გული ვიჯერეთ და ჩვენც ამასობაში გავთბით.
ცოტახნის შემდეგ უკვე ტაძარში ვიყავით და ლეგენდას ვისმენდით ლომისზე. შემდეგ ჯაჭვიც შემოვატარეთ სათითაოდ. ბოლოს კი საჩუქრები მივიღეთ მამებისგან )) ხატები და სალოცავი სკვნილები.
როცა ტაძრიდან გამოვედით თითქმის ყველა ღრუბელი გადავარდნილიყო ციდან. სამწუხაროდ ფოტოებში ვერ დავაფიქსირეთ კარგად ის სილამაზე რაც იქ ვიხილეთ. დათოვლილი მწვერვალები ჩვენს გარშემო. თუ სადმე არსებობს სილამაზე რომელიც ადამიანმა უნდა ნახოს, ერთ ერთი ლომისის გარშემო დათოვლილი მთების პანორამაა ლომისის ეკლესიიდან.
დაშვება საკმაოდ ლამაზი და მხიარული გამოდგა, ვისრიალეთ დავეცით, დავსველდით კიდევ ერთხელ. უკანა გზაზე კიდევ უფრო კარგად გავიცანით ჩვენი მოგზაურები, მათ შორის ორი უჭკვიანესი გოგონაც ქუთაისიდან, რომელთა იუმორიც ახლაც გულზე სასიამოვნოდ მხვდება.
თბილისისკენ დავიძარით. გზად რაღაც თამაშებით შევიქციეთ თავი. მერე პიკნიკი მოვაწყვეთ ტყის პირას.ავანთეთ კოცონი. ბურთით ვითამაშეთ და ბინდის შემოსვლასთან ერთად თბილისისკენ გამოვემგზავრეთ. თბილისში ზუსტად 10-ზე ვიყავით.
შეუძლებელია ამ მოგზაურობის სიტყვებად გადმოცემა. მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად იყო ტურზე. საოცარი ადამიანები ხართ ყველა და ამ ტურის ასეთი კარგად გამოსვლაც თქვენი დამსახურებაა.

No comments:

Post a Comment